ზრდასრულთა განათლება საქართველოში

2019 წლის 22 აპრილს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში, პროფესიული განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. შეხვედრას, პალატის საბჭოს წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა, საქართველოში ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვის საკითხზე გააკეთეს პრეზენტაცია, პალატის წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლზე, პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. პროფესიული კადრების ნაკლებობა წარმოადგენს, ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს. რიგ შემთხვევებში დასაქმების ბაზარზე არსებული რესურსი, ვერ აკმაყოფილებს ბიზნესის მხრიდან კვალიფიციურ კადრებზე მზარდ მოთხოვნას. შესაბამისად, პროფესიული კადრების მომზადების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინაციას სახელმწიფოს, კერძოს სექტორსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საინფორმაციო შეხვედრას, 100-მდე კომპანიისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრას ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ალინა კუპრავა ესწრებოდა.